„მარტვილობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათიმცხეთელისაჲ“ - ერთ-ერთი უძველესი აგიოგრაფიული ძეგლი, რომელიც ასახავს სპარსელი ქრისტიანი გვირობანდაკის წამების ამბავს. წმ. ევსტათი VI ს. ქ. განძაკიდან, არშაკეთიდან, მოვიდა მცხეთაში და მეჩექმეობის შესწავლას მიჰყო ხელი. ის აქვე გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას. ხელობის ათვისების შემდეგ ქრისტიანი ცოლი შეირთო და ქრისტიანული წესით მოინათლა. ნათლობისას გვირობანდაკს სახელად ევსტათი დაარქვეს. სპარსელებმა მისგან ქრისტიანობის უარყოფა მოითხოვეს, თუმცა ევსტათი მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე და ამის გამო წამებით მოკლეს. ტექსტის უძველესი ხელნაწერი XI საუკუნისაა. თხზულება პირველად გამოსცა მიხეილ საბინინმა („საქართველოს სამოთხე“, 1882 წ.). არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ დაწერის დროისა და ავტორის შესახებ: კ. კეკელიძის თანახმად, თხზულება დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს VI ს. 70-იანი წლების დასაწყისისა მონოფიზიტობის მიმდევარი მცხეთელი ქართველის მიერ; ივ. ჯავახიშვილი და ა. ჰარნაკი მიიჩნევენ, რომ ავტორი თხზულებისა მარის წმ. ევსტათის თანამედროვე გაქრისტიანებული სპარსელი. დაწერის თარიღად ა. ჰარნაკი მიიჩნევს VI ს. უკანასკნელ წლებს. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თხზულების თავდაპირველი რედაქცია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, VI ს. დასასრულსა თუ VII ს. დამდეგს შეიცვალა და დღევანდელი სახე მიიღო. ცნობილია ანტონ კათალიკოსის მიერ „მარტირიკაში“ შეტანილი მეტაფრასული რედაქცია „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა ევსტათი მცხეთელისათა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“ (1768-69 წწ.) და ორი სვინაქსარული რედაქცია (XVIII სს.).