ელია თეზბიტელი, ბიბლიური წინასწარმეტყველი; სიყრმიდანვე ღმერთს უძღვნა თავი, უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. ამხილა აქაბისა და იეზაბელის ურჯულობა. იეზაბელის რისხვას გარიდებული ელია, ღვთის რჩევით, მდ. იორდანის ახლოს დამკვიდრდა, სადაც ყორნები უზიდავდნენ საკვებს. ელიას სასწაულებრივი ძალა ყველას აკვირვებდა. იეზაბელი მის დასჯას მოითხოვდა. ღვთის ნებით, ელია ცეცხლოვანი ეტლებითა და ცხენებით ზეცად ცოცხლად აიტაცეს. თავისი ხალენი კი მან ელისე წინასწარმეტყველს გადმოუგდო. საეკლესიო გადმოცემით, ეს ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]