ე ლ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ
ეპი

ეპისკოპოსი // ებისკოფოსი // ეფისკოფოსი

ბერძნ. „მეთვალყურე“, „ზედამხედველი“

ღვთისმსახურთა უმაღლესი წოდება რომის კათოლიკურ, მართლმადიდებლურ და ანგლიკანურ ეკლესიებში, საეკლესიო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი, იგივეა, რაც არქიელი (მღვდელმთავარი), მღვდლობის უმაღლესი ხარისხის მქონე, რომელსაც უფლება აქვს შეასრულოს ქრისტიანობის შვიდივე საიდუმლო და აკურთხოს მირონი. ეპისკოპოსი მართავს საეკლესიო-ადმინისტრაციულ ერთეულს – ეპარქიას (საეპისკოპოსოს), სადაც მის პრეროგატივას შეადგენს საეკლესიო იურისდიქცია, ქრისტიანული დოგმატების სწავლება-ქადაგება, დაქვემდებარებული საყდრებისა და მონასტრების განმგებლობა, სამღვდელოების ქიროტონია (ხელდასხმა), საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნა და ა. შ. ადრინდელ ქრისტიანულ ეკლესიაში ეპისკოპოსი იყო თემის უფროსი, განაგებდა მის ქონებას, დისციპლინურ სასამართლოს და სხვ. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ცნობის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორებმა ეპისკოპოსებს მიანიჭეს პოლიტიკური პრივილეგიები და ზოგიერთ სამოქალაქო საქმეთა გამგებლობა. IV საუკუნიდან დამკვიდრდა ეპისკოპოსთა იერარქია, რომლის უმაღლეს საფეხურზე დგანან პატრიარქები, მათ შემდეგ მიტროპოლიტები, რომელთა ნაწილსაც აქვს არქიეპისკოპოსთა (მთავარეპისკოპოსთა) ტიტული და ბოლო საფეხურზე არიან ჩვეულებრივი ეპისკოპოსები. საქართველოში ეპისკოპოსის თანამდებობა IV ს. შემოვიდა. ძველი ქართული წყაროებით ასახელებენ პირველ ეპისკოპოს იოანეს, რომელიც საბერძნეთიდან მოსულა და მცხეთაში იჯდა. VII საუკუნიდან სავალდებულო იყო ეპისკოპოსის უქორწინებლობა, ამიტომ მას მონაზონთაგან ირჩევდნენ. ეპისკოპოსს „მწყემსსაც“, „მღვდელმთავარსაც“ უწოდებდნენ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9