ავგაროზი, ედესის მეფე; მისი სახელი დაკავშირებულია მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატთან: გადმოცემით, ედესის მთავარი უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ, თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა. იესომ პასუხად წერილი გაუგზავნა, რომ ვერ შეძლებდა ნახვას. ავგაროზმა კარის მხატვარს დაავალა, ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო. მაშინ იესომ ტილო გამოართვა და სახეზე მიიფარა. ექვსი წელი საწოლზე მიჯაჭვული ავგაროზი ემთხვია თუ არა ხატს, განიკურნა. მეფემ ტილო, რომელზეც მაცხოვრის სახე იყო აღბეჭდილი, ფიცარზე დააკვრევინა და ქალაქის კარიბჭის თავზე დაასვენებინა, რათა ყველას, ვინც ქალაქში შევიდოდა ან გამოვიდოდა, მისთვის თაყვანი ეცა. კორნელი კეკელიძის აზრით, აპოკრიფი ავგაროზ მეფისა (ანუ მთავრისა) და მაცხოვრის მიწერ-მოწერის შესახებ ქართულად უნდა გადმოთარგმნილიყო X – XI საუკუნეებამდე რომელიმე აღმოსავლური ენიდან. ჩვენამდე, მოღწეულია აღნიშნული აპოკრიფის ორი განსხვავებული რედაქცია: ერთი მათგანი დაცულია XI ს. გელათის სახარებაში და თარგმნილია წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ, მეორე კი შემორჩენილია ალავერდის სახარებაში (1050 – 1054 წწ.) და წმ. ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანია. ორივე ტექსტი დასურათებულია.