ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში; მოიცავდა ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის. სახელი უწოდეს მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. დამკვიდრებულია აზრის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი აქ აიგო (IV ს.). შემდგომ (V ს.) ვახტანგ გორგასალს საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI ს-იდან ერუშეთი, სამხრ. საქართველოს სხვა პროვინციებთან ერთად, ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ-ოსმალეთის (1877 – 78 წწ.) ომის შემდეგ, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებისა (1878 წ.) და ბერლინის კონგრესის (1878 წ.) თანახმად, რუსეთის იმპერიას გადაეცა, შემდეგ კი კვლავ ოსმალეთი დაეუფლა. გიორგი მერჩულე თავის თხზულებაში „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ მოიხსენიებს ერუშნელ ეპისკოპოსს, რომელიც მონაწილეობდა IX ს-ის შუა ხანებში გამართულ ჯავახეთის საეკლესიო კრების მუშაობაში. ამჟამად ეკლესია მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, არტაანის პროვინციაში, ჰანაკი (Hanak) რაიონში, ისტორიულ ერუშეთში, სოფელ ერუშეთი (ოყუზოლუ) (Oğuzyolu) ახლოს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]