ე ლ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ
ეფთ ეფრ

ეფთვიმე (955 – 1025 წ.)

ექვთიმე // ეფთიმი მთაწმიდელი // ათონელი, მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის მამამთავარი, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი (1005 – 1019 წწ.); მამამისი სამცხის ერთ-ერთი დიდებული, იოანე ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი, თორნიკე ერისთავის ძმა, ათონზე ქართველთა სამონასტრო კოლონიის ფუძემდებელი იყო. მისი ბერად აღკვეცის შემდეგ მცირეწლოვანი ექვთიმეს აღზრდა იოანეს სიმამრმა და ცოლისძმებმა იკისრეს. ამ ხანებში ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს „ზემონი ქუეყანანი“ დაუთმო და მძევლად აზნაურთა შვილები მოითხოვა. მძევალთა შორის აღმოჩნდა ექვთიმეც. იოანემ იმპერატორის ნებართვით შვილი დაიბრუნა და ულუმბოს მთაზე მიიყვანა. 965 წ. იოანე ათონის მთაზე გადასახლდა და წმ. ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა. მას თან გაჰყვა ექვთიმე და რამდენიმე მოწაფე. იოანეს გარდაცვალების შემდეგ ექვთიმე მთაწმიდელი ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. 14 წლის შემდეგ მან დატოვა წინამძღვრობა. წერდა ორ ენაზე: ქართულად და ბერძნულად. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე ორიგინალურმა თხზულებამ. ექვთიმე მთაწმიდელმა დიდი წვლილი შეიტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში; არ დარჩენილა არცერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც მას განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს (აპოკრიფები, ეგზეგეტიკა, დოგმატიკა და პოლემიკა, ასკეტიკა და მისტიკა, ჰომილეტიკა, აპოკრიფულ-აგიოგრაფიული თხზულებები, ლიტურგიკა, საეკლესიო სამართალი). ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან თარგმნა სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი) და დავითნი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართული ენიდან ბერძნულ ენაზე თარგმნილი თხზულებები: „სიბრძნე ბალაჰვარისი“ (ბერძნულად „ვარლაამი და იოასაფი“) და „აბუკურა“ („წმ. მიქაელ საბაწმიდელის მარტვილობა“). ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანებისთვის უცხოა დედნის ტექსტის სიტყვასიტყვით გადმოღება. ის ავრცობდა ან ამოკლებდა სათარგმნელ თხზულებას, შეჰქონდა ახალი ცნობები, საკუთარი დამატებები და კომენტარები. ეფრემ მცირის თქმით, მას „ჴელეწიფებოდა შემატებაჲცა და კლებაჲცა“. გიორგი მთაწმიდელის სიტყვით, მან „აღაყუავა ენაჲ ჩუენი და ქუეყანაჲ თარგმანებითა წმინდათა წერილთაჲთა“. 1028 წელს ეფთვიმე ათონელი სათათბიროდ იმყოფებოდა ბიზანტიის იმპერატორის კარზე. კონსტანტინოპოლში იგი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, დამფრთხალმა ჯორმა გადმოაგდო. მისი ცხედარი ათონის მთის ქართველთა მონასტერში (ივირონში) გადაასვენეს და დაკრძალეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებულ ეკლესიაში. როდესაც მონასტრის წინამძღვარი გიორგი მთაწმიდელი გახდა, წმ. ექვთიმეს გვამი ღვთისმშობლის ტაძარში გადაასვენეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9