ეფრემ დიდი მაწყვერელი, აწყურის ეპისკოპოსი; დაიბადა ქართლში, დიდებული აზნაურის ოჯახში, იზრდებოდა ხანძთის მონასტერში, შემდეგ ცხოვრობდა ნეძვის მონასტერში; იყო წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, ახლო ნათესავი მაკარი ლეთეთელისა. წყაროებში იხსენიება „დიდი ეფრემის“ სახელით. მისი მცდელობით აფხაზეთის ეკლესიამ, იერუსალიმის პატრიარქ სერგის (843–859 წწ.) თანხმობით, მიიღო უფლება „მირონის კურთხევისა“ მცხეთაში. „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, ის: „ორმეოც წელ ეპისკოპოსობდა შემკული სულითა წმიდითა“. დასაფლავებულია აწყურის ტაძარში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]