„ვარლამი და იოსაფატი“ // ღირსი ბარლაამ და იოდასაფი, შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი, ბერძნულ ენაზე მოღწეული აგიოგრაფიული თხზულება, რომელიც გადმოგვცემს ინდოეთის მეფის ვაჟის, იოასაფის, გაქრისტიანების, ტახტზე ხელის აღებისა და თავის მოძღვართან, ვარლამთან, უდაბნოში წასვლის ამბავს. XI ს. შესრულებული ლათინური თარგმანის მეშვეობით რომანი ფართოდ გავრცელდა ევროპაში. თხზულების სიუჟეტის სანსკრიტიდან ბერძნულ ენაზე მიგრაციისა და ავტორობის საკითხები თანამედროვე ბიზანტინისტიკის მნიშვნელოვანი პრობლემაა. აღიარებულია, რომ სანსკრიტიდან ბერძნულამდე არსებობდა სულ ცოტა ორი შუალედური რედაქცია – ფალაური და არაბული. არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომ არაბულსა და ბერძნულს შორის დგას ქართული ვერსია („სიბრძნე ბალავარისი“). ბიზანტინისტიკაში ჯერ კიდევ პოპულარულია აზრი, რომ რომანის ავტორია წმ. იოანე დამასკელი. XI ს. ბერძნული, ლათინური და ქართული ცნობების მიხედვით კი ავტორი ეფთვიმე იბერი, იგივე წმ. ექვთიმე მთაწმიდელია. XXI ს. დასაწყისიდან კვლევის ახალი ეტაპი დაუკავშირდა გერმანული ბიზანტინისტიკის სკოლას, რომლის წარმომადგენელთა კვლევებშიც ბერძნული თხზულების შექმნა ქართულ წყაროებსა და ეფთვიმე ათონელის სახელს დაუკავშირდა. საკითხის კვლევის აღნიშნული ეტაპის მიმართულება პრინციპულად განსაზღვრა ქართველ მეცნიერთა შრომებმა (კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, ი. აბულაძე, ს. ყაუხჩიშვილი, ე. ხინთიბიძე). „ვარლაამისა და იოასაფის“ ავტორის ვინაობის კვლევის ბოლო ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აკად. ე. ხინთიბიძის მიერ მთელი რიგი საკითხების ახლებურად დასმამ, ბიზანტინისტთა და მედიევისტთა მსოფლიო კონგრესებზე ამ საკითხების წარდგენამ და ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებამ.