ვა ვე ვი ვლ ვნ
ვაზ ვაი ვალ ვან ვაჟ ვარ ვას ვაჩ ვახ

ვახტანგ (XVII ს.)

ვახტანგ V // შაჰნავაზი, ქართლის მეფე 1658 – 75 წწ. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი. იშვილა როსტომ მეფემ და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1654 წ. ირანში მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი (შაჰის სუნთქვა) უწოდეს. მისი პოლიტიკის მიზანი იყო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირის დამყარება ქართლის ჰეგემონობით; ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა; საგარეო პოლიტიკაში ირანის ვასალად აღიარებდა თავს და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დაცვას ცდილობდა. მან მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი და კახეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. ისარგებლა იმერეთის სამეფოში მომხდარი არეულობითაც, შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარ ვამეყ III დადიანს, იმერეთის დიდი ნაწილი დაიკავა და თავისი უფროსი ვაჟი, არჩილი, იმერეთის ტახტზე აიყვანა (1661 წ.). დადიანად თავისი მომხრე დასვა და საკუთარი ძმისწული, თამარი, შერთო. გურიელთან მეგობრული კავშირი დაამყარა, აფხაზეთის მთავარმაც მორჩილება განუცხადა. საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად ეკლესიის სათავეში ჩააყენა კათალიკოსი დომენტი (1660 – 1675 წწ.), რომლის ხელმძღვანელობით „განშუენდეს წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი და ყოველნივე წესნი ეკლესიათანი განმრავლდეს საქართველოსა შინა მიზეზითა ძეთა მეფისა შაჰნავაზისათა“. 1675 წ. შაჰმა თავისთან დაიბარა. ირანს მიმავალი მეფე გზაზე ავად გახდა და გარდაიცვალა. ქართლის მეფის გარდაცვალების სხვა ვერსიას იძლევა სომეხი მემატიანე ზაქარია კანაკერცი: ისპაჰანთან მიახლოებულმა ვახტანგმა შეიტყო, რომ შაჰი მას წამებით მოკლავდა (ლომებს მიუგდებდა), ამიტომ საწამლავი მიიღო და აღესრულაო. დასაფლავებულია ირანში, ქ. ყუმში. მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელისბარისი და უწყებაჲ წამებისა მათისა“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9