ქართველთა წარმართული ღვთაება, ქართლის სამეფოს უზენაესი ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე; არსებობს მოსაზრება, რომ იგი მცირეაზიურ-ხეთური წარმოშობისაა და უკავშირდება ლუვიელთა ღვთაება სათას (სანდონს). ამ მოსაზრების თანახმად, მისი კულტი მცირე აზიიდან მოსულმა მესხებმა ქართლში დაამკვიდრეს. ზადენის კერპი მეფე ფარნაჯომმა აღმართა ძვ. წ. II ს. პირველ ნახევარში ზედაზნის (ზედა ზადენის) ძირში, ახლანდელ სოფ. წიწამურთან, სადაც იდგა ზადენის ციხე. უძველესი დროიდანვე მიაჩნდათ, რომ ზადენ ღვთაების კერპი დღევანდელი ზედაზნის მთაზე იდგა. ამგვარივე ცნობებია დაცული ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებში, რომლებიც წმ. იოანე ზედაზნელისა და სხვა წმ. ასურელ მამათა ღვაწლზე მოგვითხრობს. „ზედაზენი“ ამ წყაროებში „ზედა ზადენად“ ან, უბრალოდ, „ზადენად“ იხსენიება. ვახუშტი ბაგრატიონი ამ მთაზე მიუთითებს როგორც ზადენის კერპს, ასევე – თვით ციხე-სიმაგრე ზადენსაც.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]