ზაქარია ჯორჯაძე, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1623 – 1632 წწ., ნეკრესის ეპისკოპოსი (ნეკრესელი) დაახლოებით 1613 – 1623 წწ., სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარი. 1614 წ., კახეთში შაჰ-აბას I-ის შემოსევის დროს, კახეთიდან ლტოლვილ თეიმურაზ I-ს ახლდა იმერეთში. 1624 წ. ქართლის სამეფო ხელისუფლებას განაახლებინა მცხეთის საკათოლიკოსო მფლობელობა. მიმოწერა ჰქონდა რომის პაპ ურბან VIII-თან, სთხოვდა საქართველოში გამოეგზავნა მკურნალები, მხატვრები და მტრისგან გაძარცული ეკლესიებისათვის ინვენტარ-შესამოსელი, ბარძიმები; მფარველობდა იტალიელ მისიონერებსა და ცდილობდა გამოეყენებინა ისინი ქვეყნის ინტერესებისათვის. მეფისა და კათოლიკოსის ურთიერთშეთანხმებით დასავლეთ ევროპაში ელჩად გაიგზავნა ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი. მოხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“: „კახეთისა კათალიკოზი ზაქარია, სწორი ანგელოზთა და შემკული ყოვლითა წესიერებითა“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]