979 წ. აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიის ხელისუფლებამ დავით III-ს გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ“ – გადმოგვცემს გიორგი მთაწმიდელი „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“. XI ს. სომეხი ისტორიკოსი სტეფანოს ტარონეცი (ასოღიკი) თავის „მსოფლიო ისტორიაში“ აზუსტებს, რომ ეს ქვეყნები იყო: ციხე ხალტო-არიჭი და მასთან მდებარე კლისურა დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდ. ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით (თანამედროვე არზრუმი // ერზრუმი), ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდ. არაქსის სათავეებთან, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]