ფეოდალური საზოგადოების დაწინაურებული ფენის წარმომადგენელი; ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში „აზნაური“ და „აზნაურებაჲ“ თავისუფალსა და თავისუფლებას ნიშნავდა. იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამებაში“ „აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი“ შესაძლებელია გავიგოთ, თავისუფალ და არათავისუფალ ქართლის მკვიდრთა მნიშვნელობითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინი „აზნაურნი დიდ-დიდნი“, თავისთავად, ჩვეულებრივი აზნაურის არსებობასაც გულისხმობს. ამრიგად, აზნაური V ს-ში უკვე წოდების აღმნიშვნელი ტერმინი უნდა ყოფილიყო. IX – XIII სს. აზნაურის სტატუსმა თანდათან სახე იცვალა და სხვადასხვაგვარად ჩამოყალიბდა. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, გაბრიელ დაფანჩული, რომელიც იყო დიდებული აზნაური აშოტ კურაპალატისა, მეფის წინაშე დამსახურებითაც ყოფილა გამორჩეული აზნაურთა შორის. „დიდებული აზნაური“ დიდი მამულისა და მრავალრიცხოვან ყმათა მფლობელი იყო. მას საკუთარი ციხეც ჰქონდა. ამდენად, „დიდებული აზნაური“ და „ციხოვანი“, ანუ „ციხის უფალი აზნაური“, თითქმის ერთი და იგივე მნიშვნელობით გამოიყენებოდა. იყვნენ აგრეთვე „უცხონი აზნაურნი“ – საშუალო და წვრილი აზნაურობა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]