წმ. თადეოზ სტეფანწმინდელი // თათე მამებელი, ერთ-ერთი ასურელი მამა. ქართლში მოვიდა წმ. იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთის მღვიმეში (ახლანდელი კასპის მახლობლად) დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი, დასაფლავებულია იქვე. მასვე მიეწერება ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება. „სტეფანწმინდელი“ ასოცირდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდასთანაც. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით, მყინვარის ძირში არსებობდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე აგებული მონასტერი, თ. სანიკიძე ამ ცნობას სანდოდ არ მიიჩნევდა, მაგრამ თსუ 1980 – 1982 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელ. პ. მარგველაშვილი, არქეოლოგი ბ. მჭედლიშვილი) დაადასტურა ვახუშტის, თეიმურაზ ბაგრატიონისა და ილია ჭავჭავაძის ცნობა იქ სამონასტრო კომპლექსის არსებობის შესახებ. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები X – XI სს.-ით დათარიღდა. ეს კომპლექსი, ბეთლემის გამოქვაბულთან ერთად, უდაბნო უნდა ყოფილიყო, როგორც ამას ვახუშტი აღწერს. მეუდაბნოების ხანა და სტეფანე პირველწამებულის სახელზე ტაძრების მშენებლობა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ ხანას უკავშირდება, ამიტომ ბეთლემი-სტეფანწმინდის უდაბნოს დაარსების თარიღი უპრიანია სირიელი მამების შემოსვლისა და მოღვაწეობის ხანას დავუკავშიროთ. ამ ვარაუდის მიხედვით, ათცამეტ ასურელ მამათაგანს, თადეოზს, სწორედ სტეფანწმიდის უძველესი ეკლესიის საფუძველზე დაუარსებია მონასტერი და სახელწოდება „სტეფანწმინდელიც“ აქედან შეიძლებოდა მიეღო.