მეფეთ მეფე, სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მეფე გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი; ტახტზე ავიდა 1184 წ. სათავეში ჩაუდგა ფართო მასშტაბის კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობას. სამეფო კარზე შემოიკრიბა სწავლულნი, მეცნიერნი, მწიგნობარნი, პოეტები. დიდად შეეწია ქართული კულტურის საზღვარგარეთულ ცენტრებსაც. მისი მეფობის დროს ქართულმა ჯარმა მოიპოვა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მუსლიმანურ სახელმწიფოებზე შამქორთან (1195 წ.) და ბასიანის ბრძოლაში (1203 წ.). 1204 – 10 წწ. თამარის ჯარებმა ილაშქრეს მცირე აზიაში, ვანის ტბის რეგიონსა და ირანში; 1212 წ. ჩაახშვეს მთიელთა აჯანყება. საქართველოს სამეფოს საზღვარმა სამხრეთით მდინარე არაქსს მიაღწია, ხოლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ მშირვან – დარუბანდი, არზრუმი, ტრაპიზონის იმპერია და ჩრდილო კავკასიის ნაწილი. 1185 წ. თამარის ქმარი გახდა რუსი უფლისწული იური (გიორგი), მაგრამ ორი წლის შემდეგ ისინი განქორწინდნენ და იური საქართველოდან განდევნეს. მეორედ თმარი გათხოვდა დავით სოსლანზე, რომელიც გარდაცვალებამდე საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდალი იყო. თამარის ყმადნაფიცი ქვეყნები იყო: აღმოსავლეთით – შირვანი და რანი, ჩრდილოეთით – ქაშამათი, ოსეთი, დურძუკაი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი; მოხარკე ქვეყნები კი – ხლათის სასულთნო, ერზინკის სასულთნო, კარნუქალაქის (არზრუმის) საამირო, ნახჭევნის საამირო. XII ს. დასასრულსა და XIII ს. დასაწყისში საქართველომ თავისი პოლიტიკური და ეკონომიურ-კულტურული ძლიერების ზენიტს მიაღწია. ამ დროს საქართველოში ჩატარდა დიდი მნიშვნელობის სამშენებლო სამუშაოები (აშენდა გზები, ხიდები, სასახლეები, ციხე-კოშკები, ეკლესია-მონასტრები). თამარის დროს აიგო: ბერთუბნისა და ბეთანიის მონასტრები, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და სხვ. თამარი მფარველობდა და მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართული კულტურის საზღვარგარეთულ კერებსა და ცენტრებს. თამარი იყო მეფე პოეტი. ხახულის ღვთისმშობლის ხატზე შემონახულია ზედწერილი იამბიკო, „ქალწულებრივთა“, რომელშიც ის შეჰღაღადებს მარიამს. პავლე ინგოროყვას მოსაზრებით, თამარ მეფემ ეს იამბიკო ლაშა-გიორგის დაბადებასთან დაკავშირებით შეთხზა და ხახულის ღვთისმშობელს სწორედ თავის ძეს ლაშას ავედრებს. მეორე იამბიკო, „ცასა ცათასა“, რომელიც, აგრეთვე, თამარს მიეწერება, ეძღვნება ქართველთა დიდებულ გამარჯვებას შამქორის ომში. მემატიანის ცნობით, თამარს ამ გამარჯვების აღსანიშნავად გელათში ხახულის ღვთისმშობლის წინაშე წარუგზავნია შამქორიდან წამოღებული დროშა ხალიფისა – ნიშანი მტრის სრული განადგურებისა.