საქართველოს დედაქალაქი. მის ტერიტორიაზე ნასახლარები 6000 წლის წინა პერიოდით თარიღდება. ნუმიზმატიკური და არქეოლ. მასალის საფუძველზე ფიქრობენ, რომ ახ. წ. I – II სს-ში თბილისის ტერიტორიაზე უნდა წარმოქმნილიყო ქალაქური ტიპის დასახლება. IV ს-ში აქ ციხე იყო, რომელიც ამავე საუკუნის 70-იან წლებში სასანური სპარსეთის დიდმოხელის – პიტიახშის რეზიდენციას წარმოადგენდა. V ს. შუა წლებიდან თბილისი ქართლის მეფეთა ხელშია, ხოლო V ს. ბოლოს უკვე ქალაქად იქცა. ეს მოვლენა ვახტანგ I გორგასლის სახელთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მცხეთიდან სანადიროდ გამოსული ვახტანგი ტყეში შემთხვევით წააწყდა ცხელ გოგირდოვან წყაროს, რომელშიც მისი შევარდენი ნანადირევი ხოხბითურთ ჩაიფუფქა. მეფეს მოეწონა ადგილმდებარეობა და ბრძანა აქ ქალაქის აშენება, რომელსაც, თბილი წყაროების გამო, „თბილისი“ უწოდა. მისმა მემკვიდრემ დაჩი უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაასრულა ზღუდე-გალავნის აგება და, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან გადმოიტანა. ძველქართულად ქალაქს „ტფილისი“ („ტფილი“-დან) ერქვა და ამ სახელწოდებით გავრცელდა იგი სხვა ხალხთა ენებში (რუსულსა და ევროპულში – „ტიფლის“; არაბულ-სპარსულში – „თიფლის“; სომხურში – „ტფღის“; ბერძნულში – „ტეფილის“). მაგრამ, გარდა ამ ჩვეულებრივი სახელწოდებისა, ისტორიულად დასავლელი ქართველები (მეგრელ-ჭანები, სვანები) მას „ქართის“ უწოდებდნენ, ქართლის სამეფოს უძველესი ცენტრის „ქართლის“ (არმაზის) მიხედვით.