ათანასი (აბრამ) ათონელი, დიდი ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, ათონის მთაზე ათანასეს ლავრის დამაარსებელი; ზოგიერთი ცნობით, მას დედა ლაზი ჰყოლია. წმ. ათანასესთან მისულა იოანე ქართველი მცირეწლოვანი ვაჟით. ათანასეს კურთხევით, იოანე ქართველმა და უკვე ბერად აღკვეცილმა იოანე – თორნიკემ (იგივე თორნიკე ერისთავი) ლავრიდან მოშორებით წმ. იოანე მახარებლის სახელობის ეკლესია და სენაკები ააშენეს, რომლებშიც ცხოვრობდნენ კიდეც. ქართველებს წმ. ათანასეს ლავრისთვის უამრავი თანხა შეუწირავთ. წმ. ათანასეს ქართველთა მონასტრისთვის უბოძებია სიგელი, რომლითაც მათ ხომალდის ყოლის ნება ეძლეოდათ. ათანასემ თავისი სიცოცხლის ბოლოს ლავრის მეურვეობა მიანდო ეფთვიმე მთაწმიდელს და არა – რომელიმე ბერძენს, როგორც ეს აღნიშნულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]