თეიმურაზ ბაგრატიონი, წმ. ქეთევან დედოფლის შვილი, კახეთის მეფე 1606 – 1648 წწ, ქართლ-კახეთის მეფე 1625 – 1632 წწ., პოეტი; ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. პოემაში „ქეთევან დედოფლის წამება“ დიდი პოეტური მღელვარებით აღწერა დედის, წმ. ქეთევან დედოფლის, თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის; ასახა ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული და სარწმუნოებრივი თვითმყოფობის შესანარჩუნებლად. გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: „ვარდბულბულიანი“, „შამიფარვანიანი“, „ლეილმაჯნუნიანი“ და „იოსებზილიხანიანი“. მისი შემოქმედება გამსჭვალულია წუთისოფლის მუხანათობის განცდითა და ნაღვლიანი კილოთი („სოფლის სამდურავი“). მის კალამს ეკუთვნის პოემა „მაჯამა“, რომლითაც დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა და გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართული პოეზიის შემდგომ განვითარებაზე. თეიმურაზ I-მა ქართულ მწერლობაში სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი შემოიტანა და ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვანა. განავითარა გაბაასების ჟანრი („გაბაასება ბაგისა და ღვინისა“), რომელმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]