ანტონ კათალიკოსმა თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) შეიტანა თხზულება „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა ათთა ბევრთა მოწამეთა ტფილისს ვნებულთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“, რომელიც ეყრდნობა „ქართლის ცხოვრებაში“ გადმოცემულ ჟამთააღმწერლის ცნობებს. თხზულებაში ასახულია 1225 წ. ჯალალედინის მიერ ბარბაროსულად მოწყვეტილი თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილის შეპყრობისა და ამოჟლეტის ამბავი: დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ მეტეხის ხიდზე და სიონის ტაძრიდან გამოტანილ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებზე, ქრისტეს უარყოფის ნიშნად, ფეხით გაევლოთ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]