თა თბ თე თი თო თრ თუ
თორ

თორნიკე (X ს.)

იოანე-თორნიკ // სვინგელოზი // დიდი თორნიკ // თორნიკე ერისთავთერისთავი, ათონის ქართველთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ქართლის სპასპეტი, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ტაოელი დიდებულის – ჩორდვანელის ძე; ერისკაცობაში კარინის (სამხრ. ტაო) მხარეს განაგებდა. მისი ინიციატივით კარინის მონასტერში ქართული სკრიპტორიუმი შეიქმნა. ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასეს დიდ ლავრაში, მოღვაწეობდა. 979 წ. თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. თავდაპირველად თორნიკე ბერობას იმიზეზებდა და უარზე იდგა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დასთანხმდა. დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი. სკლიაროსი დამარცხდა. ჯარმა ხელთ იგდო დიდი ნადავლი, რომელიც, ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წ. ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. მისი შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978 წ.) და კირილე I-ის თხზულების – „განძის“ 981 წ. ნუსხა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9