იაკობ ცურტაველი, საეკლესიო მოღვაწე, აგიოგრაფი; ავტორია ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“. იაკობ ხუცესის შესახებ ცნობები შემოინახა სწორედ მისმა თხზულებამ; ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, წმ. შუშანიკთან დაახლოებული პირი და მისი სულიერი მოძღვარი, ქვემო ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476 – 483 წწ, წმ. შუშანიკის მოწამებრივი აღსრულის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ხუცესი გახდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 წ. საეკლესიო კრებას დაესწრო (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲს” უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა. თხზულება ადრევე ითარგმნა სომხურ ენაზე, რომლის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხური მოკლე რედაქცია. არსებობს „წმ. შუშანიკის მარტვილობის“ მოკლე ქართული რედაქციაც, რომელიც სომხური მოკლე რედაქციიდანაა თარგმნილი არა უგვიანეს 940 წლისა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]