საკათედრო ტაძარი და მონასტერი, დააარსა იოსებ ალავერდელმა; „ალავერდის“ წარმომავლობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს: რადგან ის მდებარეობს სოფ. ალვანის ახლოს, შესაძლოა, მისი სახელი სწორედ აქედან წარმომდგარიყო: ალვან-გვერდი ან ალვათ-გვერდი. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდს, და შემდგომად ყრუსა უწოდეს ალავერდი“. სხვა შეხედულებით, „ალავერდი“ მიღებულია არაბულ-თურქული გამოთქმისაგან: „ალლაჰ-ვერდი“ („ღმერთმა მოგვცა„). XI ს. დასაწყისში კახთა მეფე კვირიკემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა. როცა ალექსანდრე II-ის შვილმა კონსტანტინემ, შაჰ-აბასის ბრძანებით, საკუთარი მამა და ძმა დახოცა, მათი თავმოკვეთილი ცხედრები ალავერდის ტაძარში დააკრძალვინა. აჯანყების დროს მოკლული კონსტანტინეც, ქეთევან დედოფლის ბრძანებით, ალავერდის ტაძარში დაკრძალეს. ავგუსტინელი ბერების მიერ ჩამოტანილი წამებით მოკლული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კი, თეიმურაზ I-ის ბრძანებით, ალავერდის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაასვენეს. ალავერდში ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მათ შორის: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვ.