ია იე ივ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იშ
ილა

ილარიონ ქართველი (822 – 882 წწ.)

სასულიერო მოღვაწე, ღირსი საკვირველთმოქმედი მამა, ბიზანტიაში (ბითვინიის ოლიმპოზე და კონსტანტინეპოლის მიდამოებში) ქართველთა სამონასტრო კოლონიზაციის ფუძემდებელი, საქართველოში რამდენიმე ქტიტორული ტიპის მონასტრის დამაარსებელი; დაიბადა კახეთში, ექვსი წლისა სასწავლებლად ღირსეულ და ღვთისმოყვარე ბერს მიაბარეს. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭიერებით. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი. თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა და პატარა გამოქვაბულში დაეყუდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. მისი ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია ფერისცვალების ეკლესიასთან დავითგარეჯის ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერთან. წმ. ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალესტინა (იერუსალიმი, თაბორის მთა, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმინდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რომი, ბიზანტია (კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9