იოვანე ათონელი // იოვანე მთაწმიდელი // იოანე ქართველი // იოანე-ვარაზვაჩე ჩორდვანელი, ქართველი საეკლესიო მოღვაწე; ათონის ქართველთა მონასტრის, ივირონის, დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი; ქართველი მთარგმნელისა და მწიგნობრის, წმ. ეფთვიმე ათონელის, მამა. ერისკაცობაში სამცხის ერთ-ერთი დიდებულთაგანი. ბერად შედგა ოთხთა ეკლესიის ლავრაში. შემდეგ ბიზანტიაში, ოლიმპის მთაზე, მოღვაწეობდა, სადაც მიიყვანა თავისი მცირეწლოვანი შვილი ეფთვიმე მთაწმიდელი. 965 წ., შვილსა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად, გადასახლდა ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში. ქართველმა ბერებმა ჯერ წმ. იოანე მახარებლის ეკლესია ააშენეს, შემდეგ დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში, რომლის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი იყო. დაავადდა ნეკრესის ქარებით. უძლურების გამო, ვეღარ უძღვებოდა მონასტერს და მის ნაცვლად სამონასტრო საქმეებს წმ. ეფთვიმე განაგებდა. როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, დიდი ვედრებით დაითანხმა თავისი შვილი, რომ გაძღოლოდა ივირონს. ეფთვიმემ მამის ცხედარი პატივით დაკრძალა (1005 წ.) და მის სამარხზე წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია ააშენა.