ია იე ივ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იშ
იოა იობ იოვ იონ იორ იოს

იოვანე ზედაზნელი (VI ს.)

ათცამეტ ასურელ მამათა წინამძღოლი; სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიუღია, სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და სამოღვაწეოდ უდაბნოს მიაშურა. ერთხელ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, აერჩია თორმეტი ბერი და ქრისტეს რჯულის განსამტკიცებლად საქართველოში წასულიყო. მართლაც, თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად, საქართველოსკენ გამოემართა. მეფესა და კათალიკოსს ანგელოზებისგან ეუწყათ შუამდინარეთიდან აღმობრწყინებულ `ვარსკვლავთა~ მოსვლა. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ. წმ. მამებმა თაყვანი სცეს მირონმდინარე სვეტსა და უფლის კვართს. ცოტა ხნის შემდეგ, წმ. იოანემ მოწაფეებთან ერთად მოილოცა ყველა ადგილი, სადაც მოციქულთა სწორმა, წმ. ნინომ, იქადაგა. ქართლის კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის წარმართული კერპი იდგა. ძალიან მალე ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი შეიქმნა. ერთ ღამეს წმ. იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს დაეგზავნა საქადაგებლად. მან დაიტოვა ილია დიაკონი და ზედაზენზე ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმ. იოანეს უფლისგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. მან იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, იმ მღვიმეში დაესაფლავებინათ, რომელშიც მოღვაწეობდა. წმ. ზიარების მიღების შემდეგ ბერმა იხილა გახსნილი ცა და ზეციური უხორცო ძალნი წმიდათა თანხლებით. მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა გადაწყვიტეს, ზედაზნის ძირს მდებარე მონასტერში წაესვენებინათ მოძღვარი, მაგრამ მოულოდნელად მიწა იძრა. ამის შემდეგ ღირსი მამა ანდერძისამებრ დაკრძალეს. X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908 – 923 წწ.) დროს, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. ღირსი მამის საფლავი მდებარეობს ტაძრის სამკვეთლოსთან.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9