„ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ იოვანე ზედაძნელისაჲ“ _ თხზულება მოგვითხრობს VI ს. სირიიდან საქართველოში ჩამოსული თორმეტი მონაზვნისა და მათი წინამძღვრის – წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრებასა და მათ მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამონასტრო ცხოვრების დაწყებას. წმ. იოანე ზედაზნელის მოღვაწეობა აუწერიათ VI – VII სს., მაგრამ თხზულება დაკარგულია. მოკლე რედაქცია მოღწეულია სამი ნუსხით, მეტაფრასული კი – მრავალი ხელნაწერით. სამივე რედაქციის სათაურში ავტორად არსენ ქართლის კათოლიკოსია დასახელებული. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქცია უნდა წარმოადგენდეს არქეტიპს, რომელიც არის ნაწილი იოანე ზედაზნელისა და მისთა მოწაფეთა ცხოვრებისა, რომელიც დაწერილი უნდა იყოს არსენ კათოლიკოსის მიერ (955 – 980 წწ.) X ს-ის მეორე ნახევარში. მეტაფრასული რედაქცია XII ს. თარიღდება. საყურადღებოა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში დაცული წმ. იოანე ზედაზნელის კიდევ ერთი, უცნობი „ცხოვრება“ X ს-ის I ნახევარში გადაწერილ ხელნაწერში. ვრცელი რედაქცია შემორჩენილია XV ს-ის ერთადერთი ბოლონაკლული ხელნაწერით, „ქართლის ცხოვრების“ ანა დედოფლისეული ნუსხით, დაწერილი ზედაზენის წინამძღვრის, მიქელის, შეკვეთით. არსებობს წმ. იოანეს ცხოვრების გვიანდელი სვინაქსარული რედაქციაც მოღწეული ერთადერთი 1726 წ. ხელნაწერით. ცნობები წმ. იოანე ზედაზნელის შესახებ შემონახულია, აგრეთვე, წმ. შიო მღვიმელისა და წმ. დავით გარეჯელის „ცხოვრებათა“ რედაქციებში.