იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი; ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII ს. მწიგნობარნი იუწყებიან, რომ სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა. იოანე ბატონიშვილის ცნობით კი გურიიდან ყოფილა. ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში. აქტიური მონაწილეობა მიუღია იდეურ მოძრაობაში, რომელსაც იოანე იტალოსი მეთაურობდა. იტალოსის გასამართლებისა (1083 წ.) და მისი მიმდევრების დევნის შემდეგ პეტრიწი პეტრიწონის მონასტერში გადასახლდა. თავდაპირველად შავ მთაზე ეფრემ მცირესთან იყო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას. იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა წარმოდგენილია თარგმანებითა და ორიგინალური თხზულებით („განმარტება პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისად“). თარგმნა არისტოტელეს ორი თხზულება: „ტოპიკა“ და „განმარტებისათვის“ („პერი- ჰერმენეია“); ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“; პროკლეს „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“ („თეოლოგიის ელემენტები“); ამონიოს ჰერმიას „მოსახსენებელი ხუთთა ხმათადმი პორფირი ფილოსოფოსისა“ და „მოსახსენებელი ათთა კატიღორიათადმი არისტოტელისთა“ (ზოგი მეცნიერი ამ უკანასკნელი თხზულების მთარგმნელად მიიჩნევს იოანე ტარიჭისძეს). არისტოტელეს ტრაქტატთა თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია. „კავშირნი ღმრთისმეტყველებითნის“ პეტრიწისეული თარგმანი უძველესად ითვლება პროკლეს თხზულების მსოფლიოში ცნობილ თარგმანთა შორის. იოანე პეტრიწმა, ფილოსოფიური ნაშრომების გარდა, დაგვიტოვა მნიშვნელოვანი თარგმნილი და ორიგინალური ლიტერატურული მემკვიდრეობა: მან ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის „კლემაქსი“ („კიბე“); ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული აგიოგრაფიული საკითხავები – წმინდათა ცხოვრებანი და წამებანი და სხვ. იოანე პეტრიწმა დაწერა ორიგინალური ასკეტიკურ-მისტიკური პოეტური ტრაქტატი „სათნოებათა კიბე“, რომელსაც საფუძვლად დაედო „კლემაქსის“ ექვთიმე მთაწმინდლისეული ქართული თარგმანი; გალექსა „სათვეო სჳნაქსარი“, ანუ „გალობანი ყოველთა წმინდათანი“. მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ ლექსებს, რომელთაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია. იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურული სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე, გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი, რადგან ქმნიდა ახალ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას. პეტრიწმა დიდი გავლენა მოახდინა ძველ ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუთრებით კი – ანტონ I-ის ლიტერატურულ სკოლაზე.