წმ. მოციქული იოანე მახარებელი, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, ქრისტეს მკერდს მიყრდნობილი, გალილეველი მეთევზე ზებედესა და სალომეს შვილი. იესო ქრისტემ გალილეის ზღვის ნაპირზე დაინახა იოანე და მისი ძმა იაკობი, რომელთაც მოუწოდა, გაჰყოლოდნენ. ქრისტემ „ძე ქუხილისა“ უწოდა. მოიხსენიება, როგორც „სიყვარულის მოციქული“. ის იყო ერთადერთი მოციქული, რომელიც იდგა ჯვარცმასთან. სულთმოფენობის შემდეგ მოღვაწეობდა იერუსალიმში, ყოვლადწმიდა მარიამის მიძინების შემდეგ კი – სამარიასა და მცირე აზიაში. მოციქულობის საქმიანობის ცენტრად აირჩია ეფესო; გადასახლებული იყო პატმოსზე, სადაც თავის მოწაფეს, პროხორეს, უკარნახა „გამოცხადება“ (აპოკალიფსი); ავტორია მეოთხე სახარებისა. წმ. იოანე მახარებლის სიმბოლოს წარმოადგენს არწივი, რადგანაც აზრის სიმაღლითა და შორსმჭვრეტელური წინასწამეტყველებებით არწივს ემსგავსება.