იოსებ სააკაძე-ბაბათაშვილი, თბილელი მიტროპოლიტი, საეკლესიო მოღვაწე, მწერალი; აღიზარდა ქვათახევის მონასტერში და იქვე აღიკვეცა ბერად. მალე გადავიდა ნიკორწმინდაში. აქ ის ეპისკოპოსად უკურთხებიათ. რაჭაში დიდხანს არ დარჩენილა და ქართლში დაბრუნებულა. ცოტა ხანში აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად დაუნიშნავთ. თბილისში დაბრუნებული თბილელის სამიტროპოლიტო კათედრას განაგებდა. მის სახელს უკავშირდება სიონის წიგნსაცავის დაარსება; მასვე უნდა გადაეწერა ზაზასეული „ვეფხისტყაოსანი“ და „ამირანდარეჯანიანი“. ავტორია საისტორიო ჟანრის პოემა „დიდმოურავიანისა“, რომელშიც რუსთველური შაირითაა გალექსილი დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის, ცხოვრება- მოღვაწეობის ამსახველი ფაქტები. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე თხზულება: „ცხოვრება და მოქალაქეობა ალექსი კაცისა ღმრთისა, ახლად შაირად გარდათარგმნილი, მარგებელი მსმენელთა და მკითუცლთათვსცა თქმული სააკაძის იოსებ ტფილელისაგან“; „ანბანთქება ახლად თქმული ბაბათაშვილის ტფილელის იოსების მიერ თქმული“; „ქება და წამება წმიდისა მირიანისი“; „წმიდათა კრებულთათვის“; იაკობ შემოქმედელისადმი (დუმბაძე) მიწერილი გამოცანა; კ. კეკელიძის დაკვირვებით, იოსებ თბილელს გამოუთქვამს 65 სტროფი „ვეფხისტყაოსნის“ ციკლიდან.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]