ია იე ივ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იშ
იშხ

იშხანი (VII ს.)

დიდი სამონასტრო ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე; თავდაპირველი ეკლესია VII ს. 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა, თუმცა დარბეულა და მიტოვებულა არაბთა შემოსევის დროს. განაახლა გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ და ნათესავმა საბა იშხნელმა (IX ს.): „ნებითა ღმრთისაჲთა იქმნა საბა ებისკოპოს იშხანსა ზედა, ნეტარისა ნერსე კათალიკოზისა აღშენებულსა კათოლიკე ეკლესიასა და საყდარსა მისსა, რომელი წელიწადთა მრავალთა დაქვრივებულ იყო. აწ კვალად იქმნა სულიერი ქორწილი და მეორედ აღეშენა ამის ნეტარისა მიერ, ხოლო ხორციელად – მოღვაწებითა ღმრთისმსახურთა მათ მეფეთაჲთა“. X ს. იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 წ., ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესტიის სახარება. იშხნის მონასტერში 973 წ. შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც, წარწერის თანახმად, 973 წ. ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია. ამჟამად იშხნის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის (Yusufeli) რაიონში, ისტორიულ მხარე ამიერ ტაოში, ოლთისის წყლის ხეობაში, სოფელ იშხანში (იშჰან) (Işhan).

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9