კა კე კვ კი კლ კო კრ კუ კჳ
კაბ კაე კათ კალ კან კაპ კარ კას კატ კახ

კათოლიკობა

რომის კათოლიკური ეკლესიის დოგმატების, საეკლესიო მმართველობის ორგანიზაციის, კანონებისა და წესების სისტემა. ქრისტიანობის წარმოშობისა და გავრცელების დროიდან XI საუკუნემდე მხოლოდ ერთი ეკლესია არსებობდა – კათოლიკე, ანუ საყოველთაო. X ს. დაიწყო აღმოსავლური და დასავლური ეკლესიის დაპირისპირებისა და გაყოფის პროცესი, რომელიც დამთავრდა 1054 წ. ეკლესია ორად გაიყო (სქიზმა). ამ განყოფამ თანდათან გააღრმავა მათ შორის დოგმატური განსხვავებანი. კათოლიკურმა ეკლესიამ ოთხი სპეციფიკური დოგმატი გამოიმუშავა:

I. ფილიოკვე, იგივე სულიწმიდის გამომავლობის საკითხი, რომელიც ჩამატებულია რწმენის სიმბოლოს მე-8 მუხლში. კათოლიციზმის გაგებით, წმ. სამების დოგმაში სულიწმინდის მოფენა, გამოსვლა, ხდება მამა ღმერთისა და ძე ღმერთისაგან. მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით, ის მხოლოდ მამისაგან გამოდის. ამდენად, ფილიოკვე არის სულიწმიდის ორმაგი გამომავალობის თეორია;

II. პაპის უცდომელობა. დოგმატი პაპის უცდომელობის, ანუ შეუმცდარობის (და არა უცოდველობის), შესახებ გულისხმობს კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიერ ეკლესიის სახელით დოგმატისა და მორალის საკითხებზე გაკეთებული განცხადებების შეუმცდარობის რწმენას. პაპი გამოცხადებულია წუთისოფელში ქრისტეს მოსაყდრედ და, ამდენად, – ხილული ეკლესიის წინამძღვრად. ყველა სხვა ეპისკოპოსი (პატრიარქებიც) მოციქულთა მოსაყდრენი არიან, პაპი კი ქრისტეს მოსაყდრედ ითვლება. ეს თვალსაზრისი დოგმატის რანგში 1870 წ. ვატიკანის პირველ საეკესიო კრებაზე აიყვანეს. უცდომელობის დოგმატის თანახმად, პაპი ეკლესიას პიროვნულად განასახიერებს. ამდენად, იგი კრებაზე მაღლა დგას. კათოლიკეთა რწმენით, ეკლესიის სული პაპშია დაუნჯებული. ასე რომ, პაპი დე იურეც და დე ფაქტოც ეკლესიის შეუზღუდავი მმართველია;

III. ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვა. ეს რწმენა დოგმატად პაპმა პიუს IX-მ 1854 წ. ჩამოაყალიბა და დღესასწაულიც დააწესა – მარიამის უმანკო ჩასახება. იესომ პირველცოდვა უბიწოდ ჩასახვის გზით აღხოცა. მარიოლოგიური დოგმატით, ქრისტეს უბიწოებისათვის აუცილებელი იყო მისი უბიწო სხეულში ჩასახვა. შესაბამისად, ყოვლადწმინდა მარიამი ჩასახვისთანავე უბიწო უნდა ყოფილიყო. ამის გამო, მას პირველცოდვის დაღი არ მიჰკარებია;

IV. ღვთისმშობლის ამაღლება, რომელიც დოგმატის სახით პაპმა 1950 წ. ჩამოაყალიბა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9