ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხვა. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შუა საუკუნეებში გამოიმუშავა კანონიზაციის ორი საფეხური: ნეტარად შერაცხვა (ბეატიფიკაცია) და წმინდანად შერაცხვა. პირველი და მეორე კატეგორიის პირები სარგებლობენ განსხვავებული სტატუსით, მაგალითად: ნეტარის სახელზე შეიძლება აიგოს არა ტაძარი, არამედ – ეგვტერი (მცირე სამწირველო ტაძარი). მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გამიჯვნა არ ახასიათებს, თუმცა სხვადასხვა წმინდანი შეიძლება ატარებდეს კონკრეტულ წოდებას: „ნეტარი“, „ღირსი“, „მართალი“, „კეთილმორწმუნე“, „დიდმოწამე“... წმინდანები იყოფიან ცხრა დასად: მამამთავარნი, წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელმთავარნი, მოწამენი, აღმსარებელნი, ღირსნი მამანი და დედანი, უვერცხლო მკურნალნი, კეთილმსახურნი მეფედედოფალნი. მათზე (და, აგრეთვე, ანგელოზებზე) უპატიოსნესი და უზეშთაესია ყოვლადწმიდა და მარადის ქალწული ღვთისმშობელი მარიამი. ადრეულ საუკუნეებში კანონიზაცია, ანუ წმინდანად გამოცხადება, ხდებოდა არა სინოდალური საკრებო განჩინებით, არამედ – ადგილობრივი ეპისკოპოსისა და მრევლის ერთსულოვანი ზეპირი გადაწყვეტილებით. ამის ტიპობრივი მაგალითი მოცემულია იაკობ ხუცესის თხზულებაში „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ (V ს.), კერძოდ, ავტორი აღწერს წმ. შუშანიკის დაკრძალვას ორი ეპისკოპოსის მონაწილეობით და დასძენს: „და დღე ხუთშაბათი იყო, რომელსაცა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებელად და საქებელად ღმრთისა“. ხუცესმონაზონი გიორგი მცირე, აღმწერი წმ. გიორგი მთაწმიდლის ცხოვრებისა, აღნიშნავს, რომ ღირსი გიორგის გარდაცვალებისთანავე მისი ხსენება ბერმა „ნეტარმან პეტრე და ძმამან მისმან იოვანე ჭყონდიდელმან ეგრეთ განაწესეს და მათ თანა სხუათაცა მამათა... და ხატიცა დაწერად სცეს ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, და ამიერ და იმიერ ორნივე მამანი – წმიდაჲ მამაჲ ეფთჳმე მარჯუენით და მამაჲ გიორგი ერთკერძო მვედრებელად და მეოხად ჩუენთჳს მდგომარენი წინაშე წმიდისა ღმრთისმშობელისა“. მოგვიანებით, XIV საუკუნიდან, ბერძნულ ეკლესიაში კანონიზაციას ეძლევა სინოდალური განჩინების სახე, ანუ ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება უკვე წერილობით ადასტურებს საერთოსაეკლესიო თანხმობით წმინდანებად აღიარებული პირების კანონიზაციას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიაში ეს ფორმალური მხარე პირველად მხოლოდ 1987 წ. შესრულდა წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძე) კანონიზაციის დროს და იგი დღემდე გრძელდება სხვა წმინდანთა კანონიზაციის შემთხვევებში.