აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მხარე, რომელიც ისტორიულ – გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთისა (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს მოიცავს. კახეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მთელ ცენტრალურ ნაწილში, გავრცელებული იყო მტკვარ-არაქსის კულტურა. კახეთი იყო შუა ბრინჯაოს ხანაში თრიალეთური კულტურის გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მხარე. კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეულის, დაარსებას ქართლოსის ერთ- ერთ ძეს, კახოსს, მიაწერენ. IV საუკუნიდან კახეთის ცენტრი მეფე ასფარუგის მიერ აშენებული უჯარმა იყო. კახეთის საზღვრები კი აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა. VIII საუკუნისთვის მან კუხეთი და ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. XI საუკუნეში კი ქალაქი თელავი იქცა მხარის ცენტრად. XV საუკუნეში, საქართველოს დაშლის შემდეგ, ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო. ამ დროიდან კახეთის ცენტრი გახდა გრემი. XVI_XVII სს. კახეთს ჩამოსცილდა ჩრდილო- აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც დღეს საინგილოს სახელს ატარებს და ადმინისტრაციულად აზერბაიჯანში შედის. XVII ს. II ნახევარში კახეთის ცენტრმა ისევ თელავში გადაინაცვლა. კახეთის სამეფო XIX საუკუნემდე არსებობდა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]