კა კე კვ კი კლ კო კრ კუ კჳ
კლა კლე კლი

კლარჯეთი

სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი; კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V ს. II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V ს.) აქ ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო. კლარჯეთი, ამავე დროს, გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII ს. აქვე დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX ს. დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებითა და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა. ამავე დროს, აქ დაიწყო ფართო საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა წმ. გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. მას თან ახლდა სამი თანამგზავრი, საბა, თეოდორე და ქრისტეფორე, რომლებმაც შემდგომში თავიანთი წვლილი შეიტანეს სამონასტრო მშენებლობაში. მათი თავდაპირველი თავშესაფარი ოპიზის ახლად აღგენილი მონასტერი იყო, სადაც გრიგოლმა ორი წელი დაჰყო. ორი წლის შემდეგ იგი ანაქორეტი ბერის, ხუედიოსის, ჩაგონებით აარსებს ხანძთის მონასტერს. აშოტის მმართველობის პერიოდში, აზნაურ გაბრიელ დაფანჩულის შემწეობით, აშენდა ქვის ახალი ეკლესია ხანძთაში და დაარსდა დედათა მონასტერი გუნათლის ვანი. ამავე ხანებში ვარაუდობენ მერეს დედათა მონასტრის დაფუძნებასაც. კლარჯეთში დაარსდა (ან განახლდა) თორმეტი დიდი მონასტერი: ოპიზა, ხანძთა, მერე, შატბერდი, მიძნაძორი, წყაროსთავი, ბარეთელთა, ბერთა, ჯმერკი, დაბა, პარეხი და დოლისყანა. ყოველ მონასტერს საკუთარი წინამძღვარი ჰყავდა. 830-იანი წლებიდან წმ. გრიგოლ ხანძთელი კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ არქიმანდრიტად იწოდება. XVI ს. კლარჯეთი, სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად, ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-1921 წწ. ეს კუთხე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო, ხოლო 1921 წლიდან ისევ თურქეთის საზღვრებში მოექცა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9