„ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა მოწამისა კოსტანტისი ქართველისაჲ, რომელი იწამა ბაბილონელთა მეფისა ჯაფარის მიერ“ _ თხზულება მოგვითხრობს ბუღა თურქის მიერ 853 წ. წმ. კოსტანტი კახის შეპყრობის, სამარიაში გაგზავნისა და წამების ამბავს. უცნობი ავტორის აგიოგრაფიული თხზულება დაწერილი უნდა იყოს 853 – 856 წწ., ბიზანტიის დედოფლის, თეოდორას, მეფობის დროს. ავტორი თანამედროვეა, მაგრამ ის არ უნდა იყოს კოსტანტისთან დაახლოებული პირი ან მისი მარტვილობის თვითმხილველი. „წმ. კოსტანტი კახის მარტვილობის“ ხელნაწერები XVIII საუკუნიდან გვხვდება. ამ „ცხოვრების“ საფუძველზე 1768 – 1769 წწ-ში კათალიკოსმა ანტონ I-მა შეადგინა და თავის „მარტირიკაში“ შეიტანა „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა კოსტანტინე მთავრისა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“. გარდა ამისა, ცნობილია ორი სვინაქსარული რედაქცია, რომლებიც XVIII ს. შექმნილი.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]