ლა ლე ლი ლო ლუ
ლიბ ლიკ ლიტ ლიხ

ლიტურგიკა

ქრისტიანული ღვთისმსახურების შემსწავლელი დისციპლინა, მოძღვრება მღვდელმსახურების შესახებ; იკვლევს ღვთისმსახურების თეორიულ საფუძვლებს, მის ისტორიულ პროცესებსა და ტრადიციებს, საეკლესიო დღესასწაულთა ციკლებს, ღვთისმსახურების შესრულების წესსა და რიგს და ა. შ. ლიტურგიკა, როგორც სამეცნიერო დარგი, ჩამოყალიბდა XVIII ს-ში. მისი პირველწყაროებია სასულიერო მოღვაწეთა თხზულებანი და მრავალფეროვანი ლიტურგიკული კრებულები. როგორც დისციპლინა, იყოფა ორ ნაწილად: საზოგადო და კერძო ლიტურგიკად. საზოგადო ლიტურგიკა აყალიბებს ღვთისმსახურების საფუძვლებს, განიხილავს მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, გადმოსცემს ღვთისმსახურების შემადგენელ ნაწილებს საეკლესიო საიდუმლოთა, ლოცვათა, საგალობელთა, საღმრთო წერილის საკითხავთა სახით. ასევე, იძლევა ცნობებს მღვდელმსახურთა შესამოსელის, საეკლესიო ნივთების შესახებ და ა. შ. კერძო ლიტურგიკის საგანია ცალკეული ღვთისმსახურების განგება (წესი, აკოლუთია), როგორც ყოველდღიური მსახურებისა (მწუხრი, ცისკარი, ჟამნობა და სხვ.), ასევე – სამარხვო და სადღესასწაულოსი. აქვე განიხილება საეკლესიო წესები, რომლებიც მორწმუნეთა ინდივიდუალური სურვილით სრულდება.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9