მარზპანი, ქვეყნის, მხარის, ოლქის მმართველი სასანიანთა ირანში; უმაღლესი მოხელე, რომელიც IV – VI სს. ინიშნებოდა ირანის მიერ დაპყრობილი ქვეყნის მმართველად და შაჰის ადგილობრივ ნაცვლად. ქართლის პირველი მარზპანი იყო სომეხი ფეოდალი ვასაკ სიენიელი (დაახლოებით 439 – 442 წწ.). „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ მიხედვით, ქართლის სათავეში მდგომ მარზპანებს, არვანდ გუშნასპსა და ვეჟან ბუზმირს, დიდი ადმინისტრაციული და სასამართლო უფლებები ჰქონიათ. ქართლის ყოველი მცხოვრების სიკვდილ- სიცოცხლის საკითხი მათს ხელში იყო.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]