ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებული, მოწამე; „მარტჳლი“ ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა, თავდაპირველად აღნიშნავდა მოწმეს, დამმოწმებელს, შემდეგ მიენიჭა წამებულის მნიშვნელობაც. მარტვილი ქრისტეს ბაძავდა, მას ემოწმებოდა, მასსავით დაითმენდა ტანჯვას, სისხლს ღვრიდა მაცხოვრის ერთგულებისათვის. რაკი სარწმუნოებისთვის თავდადებული ადამიანები ემოწმებოდნენ მაცხოვრის ამ ტანჯვას, ამიტომ „მოწამე“ (მოწმე), ამავე დროს, წამებულიც, ტანჯულიც იყო. მარტვილობა მიიჩნეოდა „სისხლიან მსხუერპლად“, კაცობრიობისათვის ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის მიბაძვად.