ჯერ ქრისტეს სამოცდაათი, შემდეგ თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელის მაგივრად არჩეული; დაიბადა ბეთლემში, ბავშვობიდან დაეწაფა საღვთო რჯულს, რომელსაც იერუსალიმში სიმონ მიმრქმელი ასწავლიდა. მას შემდეგ, რაც ქრისტემ ქადაგება და ირგვლივ მოწაფეთა შემოკრება დაიწყო, მატათა მოციქულმაც მიატოვა ამქვეყნიური საზრუნავი და შეუდგა ღმერთს. სულთმოფენობის შემდეგ ქადაგება წილად ხვდა იუდეაში. გადმოცემის თანახმად, მან სახარება იქადაგა მაშინდელ პონტოსა და კოლხეთის სამეფოში, რომელიც მეორე ეთიოპიის სახელით არის ცნობილი. სხვა წყაროთა მიხედვით, იქადაგა მაკედონიაში. წმ. მოციქულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხედულება არსებობს: ერთი წყაროს მიხედვით, ის იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს და შემდგომ თავი მოჰკვეთეს. ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი წმ. მატათა ჯვარცმით აღესრულა, ისევე როგორც – სხვა მოციქულები. არსებობს წმ. ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობა იმის შესახებ, რომ მან სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში) და იქვე გარდაიცვალა. დაასაფლავეს გონიოს ციხე-სიმაგრეში. მისი წმინდა ნაწილები გადასვენებულია გერმანიაში, ქ. ტრირში.