მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მად მაზ მაკ მალ მამ მან მარ მატ მაქ მაყ მაც მახ მაჰ

მაქსიმე აღმსარებელი (VI – VII სს.)

საეკლესიო მოღვაწე, ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი წმიდა მამა; დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მრავალმხრივი განათლება მიიღო, სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი იმპერატორ ჰერაკლეს (611 – 641 წწ.) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა, ამიტომ ქრისოპოლის სავანეს მიაშურა და ბერად აღიკვეცა, მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად“ რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წ. ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქ სოფრონის თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა, სადაც 6 წელი დაჰყო, შემდეგ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ ხუთი წელი იქადაგა. როცა აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე, ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპი თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წ. ღირსი მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წ. ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა. მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წ. თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმ. მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მიიცვალა 662 წ. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. დასაფლავებულია ქ. ცაგერში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9