მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მეა მედ მემ მენ მერ მეს მეტ მეუ მეძ

მეტაფრასტიკა

ბერძნ. „თარგმანება“, „გადაკეთება“, „განმარტება“, „ხელახალი თხრობა“

აგიოგრაფიული მწერლობის ჟანრი (თუმცა, არსებობს მეტაფრასული ჰომილეტიკაც), ადრინდელ ვერსიასთან შედარებით გავრცობილი, გამოკრებილი თხზულება ან პერიფრაზი; X ს.-ში ბიზანტიელი ჰაგიოგრაფის, სვიმეონ ლოგოთეტის (ლოღოთეტი // მეტაფრასტი), მეტაფრასად წოდებულის, მიერ გადამუშავებული, ,,გარდაკაზმული“, გავრცობილი ტექსტები. მან შეადგინა სექტემბერ-იანვრის კალენდარულ რიგზე გაწყობილ საკითხავთა კრებულები. XI ს. იოანე ქსიფილინოსმა დაასრულა სვიმეონის შრომა და დაუმატა თებერვალ-აგვისტოს მეტაფრასული საკითხავები. იოანე ქსიფილინოსის ეს ღვაწლი ცნობილი გახდა მხოლოდ ქართულ ენაზე შემონახული მასალის საფუძველზე – კ. კეკელიძის მიერ 1912 წ. მიკვლეული იოანე ქსიფილინოსის ნაშრომთა ქართული თარგმანებისა და მათზე დართული ანდერძის მეშვეობით. ქართულად სვიმეონ მეტაფრასტის თხზულებანი უთარგმნია ექვთიმე ათონელს, რომელიც ქართ. მწერლობაში მეტაფრასული რედაქციის პირველ წარმომადგენლადაა მიჩნეული. ქართ. წყაროები საშუალებას იძლევა გაირკვეს მეტაფრასული კრებულების შედგენის პრინციპები: სვიმეონ ლოგოთეტი არ ცვლიდა ისტ. ფაქტებს, მოკლე თხზულებას ავრცობდა, ვრცელი თხზულებიდან კი გამოკრებდა მისთვის საინტერესო მასალას, მწვალებელთა მიერ დამახინჯებულ ადგილებს ასწორებდა და ა. შ. ზოგიერთი ძეგლი არ საჭიროებდა ასეთ ჩარევას და ამიტომ არის, რომ მეტაფრასულ კრებულებში ზოგიერთი თხზულება უცვლელად შევიდა.

მეტაფრასტიკის „პირველსახე“ იყო კიმენი, წმინდანთა მოსახსენებლად მარტივად, „ლიტონად“ (უბრალოდ) დაწერილი. მეტაფრასტიკა უკვე არის ამ ამბის „გარდაკაზმვა“, ანუ მხატვრული აზროვნება. გადამეტაფრასება ნიშნავს მხატვრულ-ესთეტიკურ გადამუშავებას, „სიტყჳთ განშუენებას“ (ყურადღება ექცევა ფორმას, ენასა და სტილს); თხზულების შინაარსში ჩარევას მცირე ინტერპოლაციებით – ეს უკანასკნელი შეიძლება, განპირობებული იყოს იდეოლოგიურ-დოგმატური ან შინაარსობრივ-ფაქტოლოგიური საჭიროების გამო.

მეტაფრასტიკის სტილისტური ნიშნები შეიძლება სამ ჯგუფად წარმოვადგინოთ:

„შეწყობილება სიტყვისა“ – ფრაზის მუსიკალურ-რიტმული აგება;

„არა გავრცელება თქმულისა“ – თხრობის ლაკონიურობა, ლაპიდარობა;

კონკრეტულისა და აბსტრაქტულის შეხამება, სიტყვისა და აზრის სიმფონია.

XI ს. 20-იანი წლებიდან, სვიმეონ ლოგოთეტის გარდაცვალების შემდეგ, ჩნდება არსებითად საპირისპირო ტენდენცია. გადამეტაფრასება უკვე გულისხმობს შესავლის წამძღვარებას; მიდრეკილებას სასწაულების აღწერისადმი; პარალელების მოხმობას სხვა წმინდანთა ცხოვრებიდან და ძველი თხზულების ფაქტობრივი მასალით შევსებას.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9