წმინდა ათონი აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილს წარმოადგენს, რომელიც ღრმად არის შეჭრილი ეგეოსის ზღვაში. ათონი დამოუკიდებელი მონაზვნური რესპუბლიკაა, რომელზეც უმაღლესი ეკლესიური ძალაუფლება ეკუთვნის არა ელადის, არამედ – კონსტანტინოპოლის პატრიარქს. ათონის მთა, ისევე როგორც საქართველო (ივერია), ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწად ითვლება. მერვე საუკუნის ბოლოს ქართველ ბერებს აქ მცირე სავანე დაუფუძნებიათ. პირველი დიდი მონასტერი კი, „დიდი ლავრა“, 963 წ. ააგო ათანასე დიდმა, დედით ლაზმა, რომლის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა ვატოპედისა და ივერთა მონასტრები. ათონზე ქართველთა სავანის დაარსება იოანეს სახელთანაა დაკავშირებული. აქ მოღვაწეობდნენ წმინდა ექვთიმე, იოანე, დიდი თორნიკ (თორნიკე ერისთვი) და გიორგი მთაწმიდელები.