წმ. მირიანი, პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე; „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მირიან მეფე 24-ე მეფეა საქართველოსი. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე, ებრძოდა მეფე თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. ამ დროს საქართველოში შემოვიდა წმ. ნინო, რომლის ლოცვით დაიმსხვრა კერპები. ნანა დედოფალი ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებას, მირიან მეფეს კი „აქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა და არა დააბრკოლებდა ნინოს და მოწაფეთა მისთა“. მალე ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმ. ნინოს რჩევით მირიანმა მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს, კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა მღვდლების გამოგზავნა. სიკვდილის წინ მირიან მეფეს დაუწერია წიგნი („წიგნი, რომელი დაწერა მირიან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკვდილისა მისისასა“). საქართველოს ეკლესიამ მირიან მეფე და მისი მეუღლე – დედოფალი ნანა წმინდანებად შერაცხა მოციქულთა სწორთა დასში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]