ნაკურთხი მცენარეული სურნელოვანი ზეთი, რომელიც გამოიყენება ქრისტიანულ ეკლესიაში მირონცხების საიდუმლოს შესრულების დროს, ტაძრისა და წმინდა ტრაპეზის, აგრეთვე, მეფის კურთხევისას; გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმ. მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში იმ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აუგიათ. ამჟამად მირონს ამზადებენ 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისაგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, სხვადასხვა ყვავილი, ვარდის ზეთი და სხვ.). მირონი მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში – ეს არის ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი ნიშანი. მირონის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, დიდ ორშაბათს, და სამ დღეს გრძელდება. მირონს აკურთხებს პატრიარქი საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვის შესრულების დროს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]