მონაზვნობა, ასკეტური მოღვაწეობის სახე ქრისტიანულ რელიგიაში, რომელიც ითვალისწინებს ამქვეყნიური ცხოვრების უარყოფას, ქორწინებისა და ნათესაური კავშირების გაწყვეტას. მონაზვნები მთავარ ქრისტიანულ სათნოებას – სიყვარულს მარხვითა და ლოცვით, ასევე, სხვადასხვა სათნოებაში: უპოვარებაში, სიწმინდეში, სიმდაბლესა და მორჩილებაში მოღვაწეობით აღწევენ. არსებობს მონაზვნური ცხოვრების სამი ფორმა: საერთო საცხოვრებელ მონაზვნობაში კრებულის ყველა წევრი ერთად მუშაობს და ერთად ფლობს სამონასტრო ქონებას; შერეულ მონაზვნობაში ერთად ლოცულობენ, მაგრამ ტრაპეზობენ და მუშაობენ ცალ-ცალკე. ზოგჯერ ბერები დამოუკიდებლად აღასრულებენ ევქარისტიულ მსახურებებს და მხოლოდ ლიტურგიის აღსასრულებლად (ან დიდ დღესასწაულებზე) იკრიბებიან; არსებობს ანაქორეტობა (განდეგილობა), რომელიც გულისხმობს სრულ მარტოობასა და დაყუდებულობაში ცხოვრებას.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]