| | |
I კრება (ნიკეის პირველი) 325 წ. მოიწვია იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ალექსანდრიელი პრესვიტერის, არიოზის, მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც ასწავლიდა, რომ ღვთის ძე მხოლოდ უზენაესი ქმნილებაა მამისა და ძედ მხოლოდ მიშვილების ძალით იწოდება და არა – არსებითად; კრების 318 ეპისკოპოსმა დაგმო ეს სწავლება, როგორც მწვალებლობა და დაამტკიცა მამისა და ძის ერთარსობის ჭეშმარიტება, რომ ძე იშვა მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. კრებაზე შეადგინეს სარწმუნოების სიმბოლოს პირველი შვიდი წევრი და დაადასტურეს ოთხი უმსხვილესი მიტროპოლიის (რომის, ალექსანდრიის, ანტიიოქიისა და იერუსალიმის) ეპისკოპოსთა უპირატესობა.
II კრება (381 წ.) იმპერატორმა თეოდოსი დიდმა მოიწვია არიოზის სხვადასხვა მიმდევართა დასაგმობად, მათ შორის სულიწმიდის მგმობელ მაკედონიანელთა სამხილებლად, რომლებიც უარყოფდნენ სულიწმიდის ღვთაებრიობასა და მას ძის ქმნილებად მიიჩნევდნენ. აღმოსავლეთის 150 ეპისკოპოსმა დაამტკიცა სულიწმიდის მამასა და ძესთან ერთარსობის დოგმატი, შეადგინა სარწმუნოების სიმბოლოს კიდევ ხუთი წევრი და რომის შემდეგ, კონსტანტინოპოლის, როგორც მეორე სულიერი რომის, პატივი და უპირატესობა დაადასტურა.
III კრება (431 წ.) მოიწვიეს კონსტანტინოპოლელი ეპისკოპოსის, ნესტორის, მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც ასწავლიდა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მარიამმა ქრისტეს სახით შვა უბრალო ადამიანი, რომელსაც ღმრთეება შემდგომ ზნეობრივად შეუერთდა და მასში, როგორც ტაძარში, მადლისმიერ მკვიდრობდა. ამგვარად, ნესტორის სწავლების მიხედვით, ქრისტეს ორი ბუნება, ღვთაებრივი და კაცობრივი, განყოფილი რჩებოდა. კრების ორასმა ეპისკოპოსმა დაამტკიცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ორივე ბუნება ერთ ღმერთკაცობრივ ჰიპოსტასშია შეერთებული.
IV კრება (ქალკედონი) (451 წ.) მოიწვიეს კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის, მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც უარყოფდა ნესტორიანელობას, მაგრამ მეორე უკიდურესობაში ჩავარდა და ქრისტეში ორივე ბუნების (ღვთაებრივისა და კაცობრივის) შერევას ამტკიცებდა. ამასთან, ღვთაებრივი ბუნება ნთქავდა კაცობრივს (ე. წ. მონოფიზიტობა). კრების 630 ეპისკოპოსმა დაამტკიცა ანტინომიური ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ორი ბუნება შეერთებულია „შეურწყმელად და შეუცვლელად“.
V კრება (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I ქალდკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად. კრებამ დაგმო სამი მოძღვარი („სამი თავი“), ასევე – ორიგენეს ცდომილებანი.
VI კრება (680 – 681 წწ.; 692 წ.) მოიწვიეს მონოთელიტთა მწვალებლობის დასაგმობად, რომლებიც აღიარებდნენ ქრისტეში ორ ბუნებას, მაგრამ ერთ ღვთაებრივ ნებაში აერთიანებდნენ მათ. 170 ეპისკოპოსისგან შემდგარმა კრებამ დაამტკიცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთსა და ჭეშმარიტ კაცს, ორი ნება გააჩნია, მაგრამ მისი ადამიანური ნება კი არ ეწინააღმდეგება, არამედ მიჰყვება და ექვემდებარება ღვთიურს.
VII კრება (787 წ.) მოიწვია იმპერატორმა ირინამ ე. წ. ხატმებრძოლური მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც ხატთაყვანისცემას უარყოფდა როგორც – კერპთაყვანისცემას. კრებამ გამოაცხადა, რომ ხატი არის ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტი გამოხატულება.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |