ბართლომე, თორმეტ მოციქულთაგანი. მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლისას მას, მოციქულ ფილიპესთან ერთად, წილად ხვდა სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი ინდოეთში გაემართა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე თარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. სომხეთში ბოროტი სულისაგან მეფის ასული განკურნა, რისთვისაც მადლიერმა მეფემ, სხვებთან ერთად, ნათელ-იღო. გაბოროტებულმა მეფის ძმამ, ასტივიაგმა, ქალაქ ალბანში (დღევადნდელი ბაქო) შეიპყრო წმ. მოციქული და თავდაღმა გააკრა ჯვარზე. ნათანაელი კვლავ აგრძელებდა ქრისტეს ქადაგებას. ასტივიაგის ბრძანებით მას ტყავი გააძვრეს და თავი მოჰკვეთეს. მორწმუნეებმა წმინდანის ნეშტი ტყვიის ლუსკუმაში ჩაასვენეს და დამარხეს. 508 წ. მისი წმინდა ნაწილები მესოპოტამიიდან გადაასვენეს, იქიდან კი – კონსტანტინეპოლში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]