წმ. მამა ნეოფიტე, გაქრისტიანებული არაბი; მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში, შემდგომში ურბნისის ეპისკოპოსი გახდა. კათოლიკოს სამოელის დროს, VII ს-ის II ნახევარში, ქართლის დასარბევად მოსულა არაბთა მთავარსარდალი აჰმადი, თავის ლაშქართან ერთად. ამ ლაშქარში ერთ-ერთი რაზმის უფროსი იყო უმარი // ომარი (შემდგომში – ნეოფიტე). როდესაც მან შიომღვიმის ლავრის აღება მოიწადინა, წინაღმდეგობა გაუწია ანგელოზთა მხედრობამ. სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ გაქრისტიანდა, ბერად აღიკვეცა და მონასტერში დაემკვიდრა. აქ უწოდეს ნეოფიტე. ღვთისმოსაობითა და მოღვაწებით მიაღწია სულიერი განვითარების მაღალ საფეხურს; მიენიჭა კურნებისა და არაწმინდა სულთა განდევნის ძალა. სამოელ კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა ურბნისის ეპისკოპოსად. საქართველოს ამ კუთხეში მცხოვრებმა არაქრისტიანებმა ღამით შეიპყრეს (ანტონ კათალიკოსის მიხედვით, შეიპყრეს თავის სენაკში მლოცველი) და ქვებით ჩაქოლეს ქრისტეს რჯულის აღიარებისათვის.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]