ნა ნე ნი ნო ნუ
ნეკ ნეო ნერ ნეს ნეტ ნეძ

ნერსე დიდი (VIII ს.)

ნერსე II, ქართლის ერისმთავარი, ადარნასე კურაპალატისა და ერისმთავრის ძე; მასთან აღსაზრდელად მშობლებისაგან მიბარებული იყო წმ. გრიგოლ ხანძთელი. 772 წ. ნერსე II ხალიფა მანსურმა ანტიარაბული საქმიანობისათვის ბაღდადში გაიწვია და საპყრობილეში ჩასვა. ხალიფა მაჰდიმ (775 – 785 წწ.) გამეფებისთანავე გაათავისუფლა და იმავე პატივით ქართლში გამოისტუმრა. ხუთი წლის შემდეგ ნერსე II კვლავ შეებრძოლა არაბებს, შემდეგ თავისი მხლებლებით ხაზარებთან გაიქცა (დარიალის გზით), რადგან მათი დახმარების იმედი ჰქონდა. ხაზართა ხაკანმა პატივისცემით მიიღო, მაგრამ, როგორც ჩანს, სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრა. ნერსე დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) გადავიდა, სადაც წინასწარ ჰყავდა ცოლ- შვილი გახიზნული. აქ მან შეიტყო, რომ ხალიფას ქართლის ერისმთავრად მისი დისწული, სტეფანოზ გურგენის ძე, დაენიშნა. ამირასაგან ქართლში დაბრუნების ნებართვა და უშიშროების გარანტია ითხოვა. ხაზარებისაგან მიტოვებული ნერსე არაბებისათვის საშიში აღარ იყო და, როგორც კერძო პირი, ქართლში დაბრუნდა. მისი ცხოვრების ამ პერიოდთან არის დაკავშირებული არაბი მსახურის, წმ. აბო თბილელის, მოწამებრივი ცხოვრება, რომელიც ასახულია იოანე საბანისძის „წმ. აბოს მარტვილობაში“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9