ნა ნე ნი ნო ნუ
ნიკ ნინ ნის ნიქ ნიშ

ნიკოლოზ დვალი (XIII – XIV სს.)

წმ. ღირსმოწამე ნიკოლოზ დვალი, ქრისტესთვის წამებული; თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა და ბერად აღიკვეცა, შემდეგ იერუსალიმს მიაშურა და ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამებრივად აღსრულების სურვილით ანთებული მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსლიმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათს ცდომილებებს. უსჯულოებმა წმ. ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით, წმ. ნიკოლოზი კვიპროსზე, ქართველთა მონასტერში, წავიდა. წმ. იოანე ნათლისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება, რომ დამასკოში უნდა წასულიყო. აქ მან ურჯულოთა წინაშე ისევ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. ამის გამო, შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა. ახლად გათავისუფლებული ნიკოლოზი კვლავ მივიდა ურჯულოთა შესაკრებელში, ისევ დაგმო მათი უგუნურება, რის გამოც სასტიკად აწამეს. წმ. მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს. ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული, შეიპყრო და ამირათ ამირას, დენგიზს, გაუგზავნა, რომელმაც მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმ. ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე. მას თავი მოჰკვეთეს და ცეცხლში დაწვეს 1314 წ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9